მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

უკან დაბრუნება
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/11007-24
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 16/09/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2024
სარეგისტრაციო კოდი

საქმე №330210324009201513 №2/11007-24

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

2024 წლის 16 სექტემბერი

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლეთამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი/მოვალე – შპს „კანადა კრედიტი“ (ს/ნ 402018703);

დირექტორი – სურენ მელიქიან;

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება;

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „კანადა კრედიტის“ (ს/ნ 402018703) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გამოარკვია:

2024 წლის 02 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს „კანადა კრედიტის“ (ს/ნ 402018703) დირექტორმა სურენ მელიქიანმა, რომელმაც მოითხოვა შპს „კანადა კრედიტის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით (დამატებითი განცხადება 16.05.2024 წ.), შპს „კანადა კრედიტი“ წარმოადგენს კომპანიას, რომელიც მოცემულ ეტაპზე გადახდისუუნაროა, ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, რომელთა ოდენობაც შეადგენს 94 339,68 ლარს, კერძოდ, შპს „კანადა კრედიტის“ წარმომადგენლის გიორგი გელაძის განმარტებით, 11.08.2023 წელს სს „თიბისი ლიზინგმა“ (ს/ნ: 205016560) თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო წესით საქმის წარმოება შპს „კანადა კრედიტის“ მიმართ, სს „თიბისი ლიზინგისათვის“ თანხის: 94 339,68 ლარის დაკისრების მოთხოვნით. შპს „კანადა კრედიტის“ განმარტებით, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების პერიოდიდან შპს „კანადა კრედიტი“ როგორც ბიზნესი აღარ არსებობს. კომპანია აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, მას არ აქვს არანაირი ფინანსური რესურსი, უძრავი ქონება ან წილი სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში. ერთადერთი ქონება, რაც შპს „კანადა კრედიტს“ გააჩნდა, იყო 2015 წელს გამოშვებული ავტომობილი, მარკა: DATSUN DATSUN MI-DO (სახელმწიფო №: BUO94BB; VIN: ZSNFAABDOFO104876). მანქანის დაზიანების გამო მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი იყო, ამიტომ განხორციელდა მისი ჩამოწერა და ჯართის ფასად რეალიზება, კერძოდ, 1000 ლარად, რომელიც აღირიცხა შპს „კანადა კრედიტის“ ანგარიშზე. შესაბამისად, ვინაიდან, თიბისი ლიზინგი თანხის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში დავობდა შპს „კანადა კრედიტის“ მიმართ, შპს „კანადა კრედიტის“ სახელზე არსებული ერთადერთი აქტივი, 1000 ლარი გადაირიცხა პირდაპირ სს „თიბისი ლიზინგის“ (ს/ნ 205016560) ანგარიშზე. დღესდღეობით კი შპს „კანადა კრედიტი“ აღარ ფუნქციონირებს, არ გააჩნია არანაირი ქონებრივი აქტივი, წარმოდგენილი ბიზნესის მიმართ არ აქვს არანაირი ინტერესი და ითხოვს შპს „კანადა კრედიტი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განჩინებით, შპს „კანადა კრედიტს“ (ს/ნ 402018703, დირექტორი  სურენ მელიქიანი) უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და ამავე განჩინებაში აღინიშნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება; განჩინება განთავსდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია; განჩინებაზე შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებოდა ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 26 ივნისს სს „თიბისი ლიზინგის“ მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება, სადაც განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „კანადა კრედიტს“ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიღებაზე. აღნიშნული განჩინების საფუძველზე დადგინდა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. შესაბამისად, სს „თიბისი ლიზინგის“ მიერ „აღნიშნული“ განცხადება სასამართლოს წარედგინა 24.06.2024 წელს, თუმცა მობრუნებული იქნა კანცელარიის მიერ, შესაბამისად წარმოადგინეს კიდევ ერთხელ. კერძოდ, 2024 წლის 20 მაისის განჩინება (საქმეზე 2/11007-24) გამოქვეყნებული იქნა 2024 წლის 21 მაისს. შესაბამისად აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვიანი ვადის დაცვით 2024 წლის 26 ივნისს წარმოდგენილი იქნა №9529020 განცხადება, რომლითაც სს „თიბისი ლიზინგი“ ითხოვს შპს „კანადა კრედიტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით სს „თიბისი ლიზინგის“ განცხადება შპს „კანადა კრედიტის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით დარჩა განუხილველი.

2024 წლის 8 ივლისს სს „თიბისი ლიზინგის“ მიერ წარმოდგენილი იქნა კერძო საჩივარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით, სს „თიბისი ლიზინგის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმე გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით, სს „თიბისი ლიზინგის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

ზ/ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „კანადა კრედიტი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს შპს „კანადა კრედიტის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 48-ე მუხლებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კანადა კრედიტი“ (ს.ნ. 402018703) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „კანადა კრედიტის“ (ს.ნ. 402018703) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 მოსამართლე                                                                                                 თამარ ბურჯანაძე