„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

უკან დაბრუნება
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 301
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.024696
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №301

2024 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/09/2015, 130030000.10.003.018893) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. დანართი №1-ის („ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესი“):

ა) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

ა) საიდუმლოების რეჟიმის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების და იმ დაწესებულებებში (საწარმოებში), სადაც მიმდინარეობს საიდუმლო სამუშაოები, მისი დაცვისადმი მუდმივი კონტროლის გაწევის მიზნით, იქმნება სტრუქტურულ ქვედანაყოფთა უფლებებით სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოები, რომელთა შემადგენლობაში შედიან რეჟიმისა და საიდუმლო საქმისწარმოების ქვედანაყოფები. სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოების შექმნა, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია დაწესებულებებში (საწარმოებში), საიდუმლო დოკუმენტაციის მოცულობის მიუხედავად, ხორციელდება უწყების გადაწყვეტილებით, საიდუმლო საქმისწარმოების უმნიშვნელო მოცულობის მქონე დაწესებულებაში (საწარმოში), სადაც საშტატო ნუსხით გათვალისწინებული არ არის სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოს შექმნა, საიდუმლო დოკუმენტების აღრიცხვასა და შენახვას, აგრეთვე საიდუმლო რეჟიმის უზრუნველყოფის ღონისძიებებს ახორციელებს პირადად დაწესებულების (საწარმოს) ხელმძღვანელი ან მისი ბრძანებით დანიშნული სპეციალური მუშაკი, საიდუმლოების რეჟიმის უზრუნველსაყოფად საჭირო პირობების შექმნის შემდეგ. მათზე ვრცელდება სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოების მუშაკთა მოვალეობანი და უფლებანი;

ბ) დაწესებულება (საწარმო) ვალდებულია, აცნობოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოს პასუხისმგებელ მუშაკთა დანიშვნისა და ცვლილების შესახებ;

გ) სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკები გადიან თეორიულ სასწავლო კურსს/პროგრამას სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში, ხოლო მისი დასრულების შემდეგ აბარებენ გამოცდას. სასწავლო კურსის/პროგრამისა და გამოცდების ჩაბარების წესი რეგულირდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“;

გ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების გაცემის შესახებ, ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელს წერილობით აცნობოს უარის საფუძველი. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს უარი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაწესებულებათა (საწარმოთა) ხელმძღვანელები მოვალენი არიან, თვალყური ადევნონ დაშვების ფორმების შესაბამისობას იმ ცნობებით სარგებლობის ხარისხთან, რომლებთანაც ფაქტობრივად დაკავშირებულნი იქნებიან მათზე დასაშვები პირები.“;

დ) 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37

1. პირველი, მე-2 ან მე-3 ფორმის მიხედვით დაშვების ხელახლა გაფორმება, მისი მოქმედების ვადის მიუხედავად, ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სარეჟიმო-საიდუმლო, მშიფრავ და სხვა განსაკუთრებული რეჟიმის ორგანოებში სამუშაოდ გადაყვანისა და თანამდებობაზე დანიშვნისას;

ბ) ხანგრძლივი (6 თვეზე მეტი) საზღვარგარეთ მივლინებიდან დაბრუნებისას (გარდა წინანდელ სამუშაო ადგილზე დაბრუნების შემთხვევებისა);

გ) სხვა გარემოებებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.

2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების ფორმებისთვის დადგენილია შემდეგი მოქმედების ვადები:

ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ მონაცემებთან − 5 წელი;

ბ) „სრულიად საიდუმლო“ და „საიდუმლო“ მონაცემებთან − 10 წელი.

3. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების ხელახლა გაფორმების მასალები ეგზავნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს,  ამ წესის შესაბამისად. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მასალები ეგზავნება დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე.“;

ე) 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 70

1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/ იურიდიული პირის დაშვება გაიცემა იმ სახელმწიფო ორგანოზე, საწარმოზე, დაწესებულებაზე, ორგანიზაციაზე (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელსაც აქვს ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა, სათანადოდ მოეპყრას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და აქვს ასეთი ინფორმაციის გაცნობის საჭიროება.

2. სახელმწიფო ორგანო/იურიდიული პირი, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მიღების მიზნით, განაცხადით (ფორმა 5) მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

3. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/ იურიდიული პირის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი სათანადო ნებართვის გაფორმებით (ფორმა 4), რომელიც გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით. ნებართვა (ფორმა 4) იბეჭდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ ბლანკზე.

4. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის შემოწმების პროცედურას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს 3 თვის ვადაში „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია, ხოლო სახელმწიფო ორგანო/იურიდიული პირი ვალდებულია, წარადგინოს შემოწმების პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო მონაცემები. იურიდიული პირის მესაკუთრეები/ხელმძღვანელი პირები წარადგენენ მათ მიერ შევსებულ ანკეტას (ფორმა 6).

6. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების პროცედურების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი მონაცემები არ იქნება წარდგენილი, მათ წარდგენამდე განაცხადის (ფორმა 5) განხილვის ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა, ხოლო განმცხადებელს მიეცემა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

7. შემოწმების პროცედურების განხორციელებისათვის სახელმწიფო ორგანო/იურიდიული პირის მიერ საჭირო მონაცემების წარუდგენლობა შეიძლება იყოს განაცხადის (ფორმა 5) განუხილველად დატოვების საფუძველი.“;

ვ) 70-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 701, 702 და 703 მუხლები:

მუხლი 701. სახელმწიფო ორგანოში/იურიდიულ პირში შექმნილი/დამუშავებული (შესაქმნელი/დასამუშავებელი) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხარისხის გათვალისწინებით, განხორციელებული შემოწმების შედეგად სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) I კატეგორია – გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე და იგი უფლებამოსილია, მოეპყროს „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას;

ბ) II კატეგორია – გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია, მოეპყროს „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას;

გ) III კატეგორია – გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია, მოეპყროს „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას.

მუხლი 702. სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელზეც გაცემულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება, ვალდებულია, აცნობოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი სახელწოდების და/ან სამართლებრივი ფორმის ცვლილების შესახებ. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში ის ვალდებულია, შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე.

მუხლი 703. დაწესებულებები (საწარმოები), რომლებზეც გაცემულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება – ნებართვა იყოფა ორ ჯგუფად:

ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის ობიექტები. აღნიშნულ ჯგუფში შედიან I კატეგორიის ნებართვის მქონე სახელმწიფო ორგანოები;

ბ) რეჟიმის ობიექტები. აღნიშნულ ჯგუფში შედიან II და III კატეგორიის ნებართვის მქონე სახელმწიფო ორგანოები/იურიდიული პირები.“;

ზ) 72-ე და 73-ე მუხლები ამოღებულ იქნეს;

თ) 74-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 741 მუხლი:

მუხლი 741. სარეჟიმო სადგომების საბოლოო შემოწმებას, მათი ექსპლუატაციის დაწყებამდე, ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი კომისია. სარეჟიმო სადგომებისა და მათი აღჭურვის მიმართ არსებული მოთხოვნები, აგრეთვე მათი შემოწმების პროცედურები დგინდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამართლებრივი აქტით.“;

ი) 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 75

1. სარეჟიმო სადგომებში დაიშვებიან მოცემული დაწესებულების (საწარმოს) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე (თანაშემწე) რეჟიმის დარგში, სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოს უფროსი და მისი მოადგილე, აგრეთვე პირები, რომელთაც პირდაპირი დამოკიდებულება აქვთ ამ სადგომებში მიმდინარე სამუშაოებთან. აღნიშნული პირების ჩამონათვალი მტკიცდება დაწესებულების (საწარმოს) ხელმძღვანელის მიერ. სხვა პირთა დაშვება სარეჟიმო სადგომებში შეიძლება, ნებადართულ იქნეს მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში, დაწესებულების (საწარმოს) ხელმძღვანელის, მისი მოადგილის (თანაშემწის), სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოს უფროსის ან მისი მოადგილის მიერ.

2. სარეჟიმო სადგომებში სხვა პირთა შესვლის აღრიცხვა მიმდინარეობს ფორმა 34-ით განსაზღვრულ სარეჟიმო სადგომში შემსვლელ პირთა აღრიცხვის ჟურნალში.“;

კ) 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 77

1. საიდუმლო დოკუმენტებისა და ნაკეთობების შესანახად სარეჟიმო სადგომები აღიჭურვება საჭირო რაოდენობის სეიფებითა და ლითონის კარადებით.

2. დიდი მოცულობის სრულიად საიდუმლო და საიდუმლო დოკუმენტების მქონე დაწესებულებებში (საწარმოებში) ნებადართულია მათი შენახვა სპეციალურ საცავებში და სტელაჟებზე იმ პირობით, რომ ამ დოკუმენტების დაცვისათვის პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება ერთ-ერთ თანამშრომელს.

3. საიდუმლო დოკუმენტებისა და ნაკეთობების საცავები, რომლებშიც ინახება საიდუმლო დოკუმენტები და ნაკეთობები, აგრეთვე საცავების გასაღებები სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოში აღირიცხება სეიფების, ლითონის კარადების, სპეცსაცავებისა და მათი გასაღებების აღრიცხვის ჟურნალში (ფორმა 7).

4. სეიფების მიმართ არსებული მოთხოვნები, სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების – ნებართვის კატეგორიის გათვალისწინებით, დგინდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამართლებრივი აქტით.“;

ლ) 151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 151. პაკეტში ჩადების წინ დოკუმენტები იფუთება შუქგაუმტარ ქაღალდში. თუ კონვერტი დამზადებულია მკვრივი შუქგაუმტარი ქაღალდისაგან, დოკუმენტის შეფუთვა სავალდებულო არ არის. პაკეტი წებდება და მისი სარქველები მაგრდება სტეპლერის ტყვიით ან იკერება ძაფით ჯვარედინად. იმ შემთხვევაში, თუ პაკეტში მოთავსებული საბუთები შესაძლოა დაზიანდეს (საქმეები, ნახაზები, ფოტოსურათები და ა. შ.), ან მისი ლითონის სამაგრებით დამაგრება შეუძლებელია, პაკეტი იკერება ძაფით, რომელიც ტარდება პაკეტის ოთხივე კიდის შუა ნაწილში ჯვარედინად ისე, რომ ძაფი მჭიდროდ იჭერდეს პაკეტში მოთავსებულ საბუთებს და იკვრებოდეს პაკეტის უკანა მხარის ცენტრში, რომელზეც ეწებება ქაღალდის ეტიკეტი. სტეპლერის ტყვიებით პაკეტის დალუქვისას ლითონის სამაგრები მაგრდება პაკეტის ოთხივე კიდეში ისე, რომ მისი მოღუნული მხარეები მოქცეული იყოს პაკეტის მეორე მხარეს, რომელზეც წებდება ქაღალდის ეტიკეტი.“;

მ) 152-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 152. ქაღალდის ეტიკეტები უნდა დამზადდეს თხელი განუშრევებელი ქაღალდისაგან. ქაღალდის ეტიკეტების ზომა ბეჭდის ანაბეჭდზე 3-4 მილიმეტრით მეტი უნდა იყოს, რომელზეც მკაფიოდ უნდა დაისვას ბეჭდის ანაბეჭდი.“;

ნ) 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 153. დალუქულ პაკეტებზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს ეტიკეტის ქვეშ მოქცეული ძაფების განლაგება და კვანძი, ხოლო სტეპლერის ტყვიით პაკეტის დალუქვის შემთხვევაში – ლითონის სამაგრის მოღუნული მხარეები.“;

 ო) 154-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 154

1. დოკუმენტების შეფუთვა ერთხელ გამოყენებულ და შუქგამტარი ქაღალდისაგან დამზადებულ პაკეტებში აკრძალულია.

2. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ გრაფით „ლიტერი“ „მ“ აღნიშვნით დიდ პაკეტებზე, აგრეთვე „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ გრიფით, საშუალო და მცირე პაკეტებზე, რომლებიც გაკერილია შიგ მოთავსებული დოკუმენტის ჩხვლეტის გარეშე, აკრავენ ხუთ ქაღალდის ეტიკეტს (სარქველების დაწებების კუთხეებში და ცენტრში). ორმაგი პაკეტირებისას გარე პაკეტი ჩადებულთან არ იკერება. მას დაეკვრის მხოლოდ ქაღალდის ეტიკეტები, ამ პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.“;

პ) 247-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 247

1. დოკუმენტური მასალების განადგურება ხდება დაწვის, გადნობის, მსხვრევის, გახსნა-განზავების ან ქიმიური დაშლის, რბილ უფორმო მასად ან ფხვნილად გადაქცევის გზით.

2. დასაშვებია სრულიად საიდუმლო და საიდუმლო დოკუმენტების განადგურება, სულ ბევრი, 2,5 კვადრატული მილიმეტრი ფართობის ნაკუწებად დაქუცმაცების გზით. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის დოკუმენტები და საქმეები ნადგურდება მხოლოდ დაწვის გზით.

3. საიდუმლო ინფორმაციის მატარებლების გასანადგურებლად განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობების მიმართ არსებული მოთხოვნები, გასანადგურებელი საიდუმლო ინფორმაციის ხარისხის გათვალისწინებით, დგინდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამართლებრივი აქტით.“.

2. დანართი 2-ის („სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა):

ა) მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ნაწილების, ბატალიონების, ხომალდების, საწარმოებისა და დაწესებულებების პირობითი სახელწოდებანი მათ ძირითად დასახელებებთან ერთად;“;

ბ) მე-19 მუხლის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებების, აგრეთვე სხვა ოპერატიული და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაცია, რომელთა გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, შესაძლებელი გახადოს ინფორმაციის წყაროს, მისი მოპოვების მეთოდებისა და საშუალებების გამოაშკარავება;“;

ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებების მიერ მათი საქმიანობის პროცესში მომზადებული ანალიტიკური ინფორმაცია;“;

ბ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და სხვა სპეცსამსახურების სტრუქტურა, ფუნქციური მოვალეობანი და მონაცემები ფარული თანამშრომლობის შესახებ, რომელთა გამჟღავნება გამოააშკარავებს მათი მუშაობის მიმართულებას, საქმიანობის ფორმებს, მეთოდებს, საშუალებებს და დაინტერესების ობიექტებს;“;

ბ.დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონკრეტული ამოცანები, გეგმები და ანგარიშები, ასევე შიდა აუდიტის ის ანგარიშები, რომელთა გამოაშკარავება ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენას, აღკვეთას, გამოძიებასა და ანალიზს, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფას;“;

ბ.ე) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ვ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და სხვა სპეციალური სამსახურების სტრუქტურული ქვედანაყოფების პირობითი დასახელებები, საქმიანობის მიმართულებები, ფორმები და მეთოდები, აგრეთვე ის დისლოკაციის ადგილები, რომელთა გამოაშკარავება ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესებს;“.

3. ფორმები  1 – 4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. ფორმა 6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5. ფორმა 13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

6. ფორმა 32 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

7. ფორმა 33 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

8. ფორმა 33-ის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის ფორმა 34.

მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის მოქმედი დაშვებები ინარჩუნებს ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე/გაუქმებამდე.
მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის  „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 741 მუხლისა, „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 75-ე მუხლისა, „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 77-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 247-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 741 მუხლი, „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 75-ე მუხლი, „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 77-ე მუხლის მე-4 პუნქტი და „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 247-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე