ტექნიკური რეგლამენტის − არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

უკან დაბრუნება
ტექნიკური რეგლამენტის − არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 360050000.10.003.024694
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №299

2024 წლის 12 სექტემბერი

 ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის − არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ტექნიკური რეგლამენტი − არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების

დროებითი რეგულირების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„ტექნიკური რეგლამენტი − არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (შემდგომში − წესი) წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს არაგვის დაცულ ლანდშაფტში დაშვებული საქმიანობების განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

მუხლი 2. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს არაგვის დაცულ ლანდშაფტში 99 802 ჰექტარ ფართობზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

მუხლი 3. წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. ამ წესის ძირითადი მიზნებია:

ა) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსებით სარგებლობის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) არაგვის დაცულ ლანდშაფტში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისა და დაცული ლანდშაფტის ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა;

გ) არაგვის დაცულ ლანდშაფტში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება.

2. ამ წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების −  გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის მდინარეთა ხეობების ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გამოყენებას;

ბ) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვასა და აღდგენას;

გ) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება;

დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

მუხლი 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

1. არაგვის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს.

2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია მოიცავს „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით − 99 802 ჰექტარს.

მუხლი 5. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაშვებული საქმიანობები

1. არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია შექმნილია ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად.

2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ა) გარემოს, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა;

ბ) მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება;

გ) ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა;

დ) რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება;

ე) ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქლის ქვით) სარგებლობა;

ვ) ტურიზმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა;

ზ) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობა;

თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ი) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

კ) გზებზე უმოტორო და მოტორიანი ტრანსპორტის გადაადგილება;

ლ) სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა;

მ) საფუტკრეების მოწყობა;

ნ) ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, მხოლოდ დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციისა და კრიზისების მართვის სამსახურების თანამშრომლების, აგრეთვე ელექტროსადგურების ან მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მფლობელების/ თანამშრომლების მიერ სატრანსპორტო და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ასევე საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

ო)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ:

ო.ა) სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება და შეუფერხებელი გადაადგილება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით;

ო.ბ) საქართველო-რუსეთის სახელმწიფო (ადმინისტრაციული) საზღვრის მიმდებარედ, მოსამსახურეთა როტაციისა და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების გამოყენება;

პ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე, არაუმეტეს 6 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, არაგვის დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად;

ჟ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება;

რ) დასახლებათა მდგრადი განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის, განახლებისა და განვითარების, მათ შორის, გზების, საინჟინრო და კავშირგაბმულობის სისტემების, საგანმანათლებლო, კულტურული, სარეკრეაციო, სპორტული, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, სარიტუალო, საკულტო და სხვა სოციალური ინფრასტრუქტურის, დასახლებათა ბუნებრივი და ტექნოგენური საგანგებო სიტუაციებისაგან დაცვის სისტემის კომპლექსური განვითარება.

3. სასაზღვრო ზონის ფარგლებში მოქცეულ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ნებისმიერი დაშვებული საქმიანობა, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით.