ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე

უკან დაბრუნება
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 296
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2024
ძალაში შესვლის თარიღი 16/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.024691
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №296

2024 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 196 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:

1. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება“ (დანართი №1).

2. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები“ (დანართი №2).

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 16 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი №1

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი (შემდგომში − აპარატი) არის პოლიტიკურად ნეიტრალური, სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ ინფორმაციაზე, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ტიპის ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური, რომელიც ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (შემდგომში − საბჭო) საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

2. აპარატი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

3. აპარატს აქვს ამ დებულების დანართით გათვალისწინებული ფორმის ბლანკები, ასევე  ემბლემა, ბეჭედი თავისი დასახელებით და სხვა ატრიბუტები.

4. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.

მუხლი 2. აპარატის უფლებამოსილებები

აპარატის უფლებამოსილებებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საბჭოს ინფორმირების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვისა და გაანალიზების, შესაბამისი გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების შეფასების უზრუნველყოფა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას;  

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებით საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ე) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან ინფორმაციის გამოთხოვა;

ზ) საბჭოს სხდომებისა და სხდომის ოქმების მომზადების უზრუნველყოფა;

თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 3. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც საბჭოს მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. აპარატის უფროსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

3. აპარატის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს აპარატს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, წარმართავს მის საქმიანობას, წყვეტს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია აპარატისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას აპარატის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;

დ) მონაწილეობას იღებს საბჭოს სხდომების მომზადებაში;

ე) არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა საბჭოს მდივანს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ;

ვ) საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის მოსამსახურეებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;

ზ) საბჭოს მდივანთან შეთანხმებით განსაზღვრავს აპარატის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებს;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღწეული წარმატებებისა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, ახორციელებს შესაბამის პროცედურებს აპარატის მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, აპარატის მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

კ) პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებასა და მატერიალური ფასეულობების განკარგვაზე;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, აპარატის სახელით დებს ხელშეკრულებებს;

მ) დადგენილი წესით, ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს;

ნ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საბჭოს მდივანთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის უფროსი.

5. აპარატის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს აპარატის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობას უწევს აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) ახორციელებს აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

დ) ასრულებს საბჭოს მდივნისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. აპარატის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აპარატზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

7. აპარატის უფროსის არყოფნისას აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსის მოადგილე.

მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა

1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პოლიტიკის დეპარტამენტი;

ბ) უსაფრთხოების, თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი;

გ) საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი;

დ) კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი);

ე) შიდა მონიტორინგის სამმართველო.

2. პოლიტიკის დეპარტამენტში შედის შემდეგი სამმართველოები:

ა) პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველო;

ბ) ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველო.

3. უსაფრთხოების, თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტში შედის შემდეგი სამმართველოები:

ა) სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების სამმართველო;

ბ) უსაფრთხოების, თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების სამმართველო.

4. პოლიტიკის დეპარტამენტი:

ა)  საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; შეისწავლის ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან, სეპარატიზმთან ბრძოლის, სახელმწიფო საზღვრის მართვის, მართლწესრიგის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ახდენს ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;

ბ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს ჰიბრიდული საფრთხეების შესწავლას, შეფასებასა და ანალიზს;

გ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლობს და აანალიზებს საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს, ამუშავებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს და აფასებს შესაბამის გამოწვევებს, რისკებსა და საფრთხეებს;

დ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;

ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას, ეროვნულ დონეზე დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით;

ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცალკეული შიდა/საგარეო პოლიტიკური და ჰიბრიდული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;

ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საბჭოს მდივნისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

5. უსაფრთხოების, თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი:

ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, გადახედვასა და განახლებას;

ბ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით და საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად შეისწავლის სახელმწიფო თავდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ახორციელებს ქვეყნის წინაშე არსებული სამხედრო ხასიათის საფრთხეების შეფასებასა და ანალიზს;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში, უზრუნველყოფს საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვას;

დ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით და საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად, შეისწავლის ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, ენერგეტიკისა  და გარემოს დაცვის სფეროებში შექმნილ ვითარებას; ახორციელებს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული უსაფრთხოების გარემოს შეფასებას, შესაბამისი საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;

ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას კიბერუსაფრთხოების საკითხებზე;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციის მონიტორინგსა და სტრატეგიის შესრულების შედეგების შეფასების ყოველწლიური ანგარიშის შედგენას. ანგარიში წარედგინება საბჭოსა და საქართველოს მთავრობას; 

ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირების მიზნით, შესაბამისი სექტორული უწყებებიდან გამოითხოვს ინფორმაციას როგორც ცალკეულ კიბერინციდენტებზე, მოვლენებსა თუ აქტორებზე, ისე ამ მიმართულებით არსებულ განზოგადებულ ვითარებაზე;

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წინადადებებისა და რეკომენდაციების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად მომზადებას, კიბერინციდენტებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;

ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კიბერ/ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას, რა მიზნითაც თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ აკადემიურ დაწესებულებებთან;

კ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;

ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საბჭოს მდივნისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

6. საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი:

ა) აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შემუშავებულ ცალკეულ საკითხებზე ახორციელებს საბჭოს სხდომების, მათი დღის წესრიგის პროექტის მომზადებასა და სხდომაზე მისაწვევი პირების ინფორმირებას, ასევე აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო ჩანაწერებს;

ბ) ახორციელებს აპარატის საპროტოკოლო უზრუნველყოფას;

გ) აპარატში უზრუნველყოფს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას;

დ) ახორციელებს საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;

ე) ახორციელებს აპარატში ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფას;

ვ) ახორციელებს აპარატის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას;

ზ) ახორციელებს აპარატის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

თ) ახორციელებს აპარატის საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ი) უზრუნველყოფს საბჭოს/მისი აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმართვას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან  ურთიერთობის დამყარებასა და შემდგომ კოორდინაციას; 

ლ) ამზადებს მემორანდუმების, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

მ) ასრულებს საბჭოს მდივნისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

7. კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი):

ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ყველა ტიპის კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაციას;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კრიზისული ვითარების დროს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებას;

დ) უზრუნველყოფს ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირებას, რომელიც ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების დროს აქტიურდება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს;

ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე;

ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებშ, უზრუნველყოფს წინადადებებისა და რეკომენდაციების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად მომზადებას, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების, ეკოლოგიური და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;

ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი სხვა კრიზისული ვითარების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირებისა და ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების კოორდინაციას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში მოიძიებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას კრიზისების მართვის საკითხებში;

კ) კრიზისების მართვის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს საერთაშორისო  დონორებსა და პარტნიორებთან;

ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საბჭოს მდივნისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

8. შიდა მონიტორინგის სამმართველო:

ა) შიდა მონიტორინგის სამმართველო არის აპარატის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს აპარატის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების პრევენციის ანალიზსა და შეფასებას;

ბ) ახორციელებს აპარატის წინაშე არსებული მართვის ხარისხის მიმართულებით რისკების შეფასებას, კომპეტენციის ფარგლებში, გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის, პრევენციისა და არსებული რისკების შემცირების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) ახორციელებს აპარატის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას ან/და რეკომენდაციების შემუშავებას;

დ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას;

ე) ახორციელებს აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას, რომელთაც ითვალისწინებს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საბჭოს მდივნისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი

1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის უფროსი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსისა და აპარატის უფროსის მოადგილის წინაშე.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;

გ) კონტროლს უწევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მითითებების/ინსტრუქციების შესრულებას სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

დ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;

ე) ანაწილებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესულ კორესპონდენციას;

ვ) აანალიზებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას და აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;

თ) აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

ი) ახორციელებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6. აპარატის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება

1. აპარატის მოსამსახურე იღებს  შრომის ანაზღაურებას (ხელფასს).

2. აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, რომლის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, და აგრეთვე წოდებისთვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსგან.

3. წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

 

 

სპეციალური წოდება

წოდებრივი სარგოს ოდენობა

 (ლარი)

1

გენერალ-პოლკოვნიკი

120

2

გენერალ-ლეიტენანტი

110

3

გენერალ-მაიორი

100

4

პოლკოვნიკი

70

5

ვიცე-პოლკოვნიკი

60

6

მაიორი

50

7

კაპიტანი

40

8

უფროსი ლეიტენანტი

30

9

ლეიტენანტი

25

10

უმცროსი ლეიტენანტი

20

11

ზემდეგი

7

12

უფროსი სერჟანტი

6

13

სერჟანტი

5

14

უმცროსი სერჟანტი

4

15

რიგითი

 3

 

4. აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი), შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5 პროცენტი;

ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10 პროცენტი;

გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15 პროცენტი;

დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20 პროცენტი.

5. მოსამსახურეს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აპარატის მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები − 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

7. საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით, საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია, მიეცეს ერთჯერადი მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.

8. დაღუპულ/გარდაცვლილ მოსამსახურეზე ფაქტობრივად გაცემული შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო), დანამატი, კომპენსაცია და პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას.

9. აპარატის მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას  ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) მძიმე დაზიანებისას − 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანებისას − 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) მსუბუქი დაზიანებისას − 2 000 (ორი ათასი) ლარი.

მუხლი 7. სხვა დებულებანი

აპარატის დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების  შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

 

დანართი (თან ერთვის)

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბლანკების ნიმუშები

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2  

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები

სახელმწიფო სპეციალური წოდების ზღვარი

თანამდებობა

რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

 

61

 

1

უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი

1

8315

2

უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე

1

7480

3

ეროვნული უსაფრთხოების

ვიცე-პოლკოვნიკი

უფროსი სპეციალისტი

1

             3500

პოლიტიკის დეპარტამენტი

21

 

4

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

დეპარტამენტის დირექტორი

1

6655

პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველო

9

 

5

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

სამმართველოს უფროსი

1

5820

6

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი მრჩეველი

5

4330

7

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

მრჩეველი

3

3665

ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველო

11

 

8

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

სამმართველოს უფროსი

1

5820

9

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი მრჩეველი

10

4330

უსაფრთხოების, თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი

15

 

10

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

დეპარტამენტის დირექტორი

1

6655

სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების სამმართველო

4

 

11

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

სამმართველოს უფროსი

1

5820

12

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი მრჩეველი

2

4330

13

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

მრჩეველი

1

3665

უსაფრთხოების, თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების სამმართველო

           10

 

14

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

სამმართველოს უფროსი

1

5820

15

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი მრჩეველი

5

4330

16

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

მრჩეველი

4

3665

საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი

10

 

17

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

დეპარტამენტის დირექტორი

1

6655

18

ეროვნული უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი

უფროსი სპეციალისტი

6

3500

19

ეროვნული უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი

სპეციალისტი

3

2955

კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი)

8

 

20

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

დეპარტამენტის დირექტორი

1

6655

21

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი მრჩეველი

5

4330

22

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

მრჩეველი

2

3665

შიდა მონიტორინგის სამმართველო

4

 

23

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

სამმართველოს უფროსი

1

5820

24

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი ინსპექტორი

1

4330

25

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

ინსპექტორი

2

3665