„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უკან დაბრუნება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016872
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/338

2024 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110414009, 14/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016060) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ7“ და „ლ8“ ქვეპუნქტები:

„ლ7 ) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული, „M2“, „M3“, „N1“, „N2“, „N3“, „O3“, „O4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზისპირა ზონებში შემოწმება;

8 ) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესისა და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი;“. 

2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ ქვეპუნქტი:

„ბ.გ) საავტომობილო ტრანსპორტირების საინფორმაციო და ციფრული უზრუნველყოფის სამმართველო;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ინსპექტირების დეპარტამენტი:

კ.ა) დასავლეთ საქართველოს საგზაო ინსპექტირების სამმართველო;

კ.ბ) აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინსპექტირების სამმართველო;

კ.გ) პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ინსპექტირების სამმართველო.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი შედგება სატვირთო გადაზიდვების, სამგზავრო გადაყვანებისა და საავტომობილო ტრანსპორტირების საინფორმაციო და ციფრული უზრუნველყოფის სამმართველოებისაგან და მისი ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის, საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი გადამზიდველების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ნებართვის გაცემა, საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების) საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის და საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო დოკუმენტების გაცემასთან (გადაცემასთან), მათში ცვლილებების შეტანასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელშემკვრელ მხარესთან წარსადგენი რეკომენდაციების მომზადება, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების რეკომენდაციების განხილვა, დოკუმენტაციის შეთანხმება-დამოწმება, შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ბ) საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვების სფეროში ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გადაყვანა – გადაზიდვის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) პარტნიორ ქვეყნებთან შეუფერხებელი საავტომობილო მიმოსვლისათვის აუცილებელი პირობების ანალიზი, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის ფორმების, სანებართვო დოკუმენტების რაოდენობისა და სახეების, სანებართვო დოკუმენტების კვოტების განსაზღვრის, გაცვლილი/მიღებული სანებართვო დოკუმენტების რაციონალური განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ე) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის და სამგზავრო გადაყვანის ავტორიზაციის ბლანკის ფორმის შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სფეროში სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ერთიანი კომპიუტერული საინფორმაციო ბანკის შექმნა;

1) მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოწყობილი ავტოსადგურის სერტიფიკატის გაცემა, ავტოსადგურის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, სერტიფიკატის გაუქმება და სერტიფიკატის შეცვლა. ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სერტიფიცირებული ავტოსადგურის მისთვის მინიჭებული კლასის მიხედვით სააგენტოს სათანადო რეესტრში რეგისტრაცია; 

2) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივად შემუშავებულ ციფრულ პლატფორმებზე მიერთების მიზნით, მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ აღნიშნულ პლატფორმებთან სრულყოფილი ინტეგრაცია, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გადაყვანა – გადაზიდვასთან დაკავშირებული მრავალმხრივი/ მრავალჯერადი ნებართვების ეფექტურად განაწილების, მათი გაცემისა და გამოყენების მონიტორინგის პროცესის უზრუნველყოფა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; 

3) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების სფეროში მოქმედი, როგორც საერთაშორისო რეგულაციების, ასევე, პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობებში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი და გადამზიდველთა შეუფერხებელი საავტომობილო მიმოსვლის უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნული ინფორმაციის განთავსება/განახლება შესაბამის ელექტრონულ საინფორმაციო საშუალებებზე. საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის სფეროში მოქმედი მოწინავე ტექნოლოგიებისა და პროცედურების დანერგვის თაობაზე წინადადებების მომზადება;

ზ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების განმახორციელებელი გადამზიდველების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მარშრუტების, განრიგების, ტარიფების, შესასრულებელი რეისების პერიოდულობის და სიხშირის, აგრეთვე სამგზავრო ავტოსადგურების ადგილმდებარეობის, კლასებისა და მათთან დაკავშირებული მარშრუტების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა;

თ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

ი) საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვების სფეროში მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიული კავშირი პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან;

კ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების სფეროში მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან და შეთანხმებებთან მიერთებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანმხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ლ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა;

მ) საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხირივი/მრავალმხრივი შეთანხმებების ხელშემკვრელ მხარეებთან ურთიერთობა;

 ნ) ხელშემკვრელ ქვეყნებთან საავტომობილო მიმოსვლის სფეროში შეხვედრების ორგანიზება/ მონაწილეობა.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ინსპექტირების დეპარტამენტი შედგება დასავლეთ საქართველოს საგზაო ინსპექტირების, აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინსპექტირებისა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ინსპექტირების სამმართველოებისგან და მისი ფუნქციებია:

ა) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული, „M2“, „M3“, „N1“, „N2“, „N3“, „O3“, „O4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზისპირა ზონებში შემოწმება და შესაბამისი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;

ბ) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;

გ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე, გზისპირა ზონებში განხორციელებული შემოწმების, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის დროს წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული, გზისპირა ზონებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სამართალდამრღვევი სუბიექტების აღრიცხვის წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა;

ე) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სამართალდამრღვევი მეწარმე სუბიექტების აღრიცხვის წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა;

ვ) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შემოწმებების შესახებ შესაბამისი საინფორმაციო ბაზის ფორმირება და შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული პირებისთვის მიწოდება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელიგურამ გურამიშვილი