საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის დროის და პირობების განსაზღვრის შესახებ

უკან დაბრუნება
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის დროის და პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43-65
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.101.017244
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43-65

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის დროის და პირობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ5“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის,  41-ე მუხლის მე-3 და  მე-4 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. გზაზე, სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-5 თავით „განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“ დადგენილი 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია და განთავსებულია 5.41.1 საგზაო ნიშანი და დატანილია კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.26 ჰორიზონტალური მონიშვნა, დასაშვებია მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობა.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოძრაობა შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

3. ამ დადგენილებით განსაზღვრული მოტოციკლის ან/და მოპედის მოძრაობა დაუშვებელია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ იმ ზოლში, სადაც M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისა და სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის მოძრაობა საპირისპირო მიმართულებისაა.

4. ამ დადგენილებით განსაზღვრული მოტოციკლის ან/და მოპედის მოძრაობა დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იგი არ შეაფერხებს, არ გააძნელებს ან არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

5. ამ დადგენილებით განსაზღვრული მოტოციკლის ან/და მოპედის მძღოლის მიერ მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომა აკრძალულია გზაზე, სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-5 თავით „განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“ დადგენილი 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია და განთავსებულია 5.41.1 საგზაო ნიშანი და დატანილია კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.26 ჰორიზონტალური მონიშვნა.  

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი სექტემბრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე