აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს გეს ,,საქრუსენერგოსათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

უკან დაბრუნება
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს გეს ,,საქრუსენერგოსათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2024
სარეგისტრაციო კოდი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/279

2024 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს გეს ,,საქრუსენერგოსათვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სს გეს ,,საქრუსენერგოს“ (შემდგომში – საქრუსენერგო) 2024 წლის 20 ივნისის №10/229 განცხადება – 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ,,მარნეული აირუმის“ მშენებლოს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ ორ უძრავ ქონებაზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქრუსენერგოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 17 თებერვლის №1-1/42 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის 2021-2031" შესაბამისად, სს გეს ,,საქრუსენერგომ“ უნდა განახორციელოს პროექტი ,,მარნეული-აირუმი“, რომელიც გულისხმობს 17.56 კმ სიგრძის ახალი 500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,მუხრანის" №42 ანძიდან საქართველო-სომხეთის საზღვრამდე და არსებული 500 კვ ძაბვის 17-კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზის ,,მუხრანის" (№42-N109 ანძებს შორის მონაკვეთი) რეკონსტრუქციას. პროექტის განხორციელების ვადებია 2023-2025 წლები. დღეისათვის ელექტროგადამცემი ხაზის ,,მუხრანის“ 17 კილომეტრიანი მონაკვეთი, მარნეულის ქვესადგურიდან ელექტროგადამცემი ხაზის №42 ანძამდე არ ფუნქციონირებს. პროექტის დასრულების შემდეგ კი იგი გამოყენებული იქნება საქართველოს და სომხეთის ენერგოსისტემის დამაკავშირებელი ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,მარნეული აირუმის“ სქემაში. აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზით საგრძნობლად გაიზრდება საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობა და სიმძლავრეთა მიმოცვლის მოცულობა. ელექტროგადამცემი ხაზი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ზაფხულში, როგორც სატრანზიტო – საქართველოში გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის მეზობელ ქვეყნებში საექსპორტოდ, ხოლო ზამთარში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის შიგნით დეფიციტის შევსებაში. აღნიშნული პროექტი მისი მასშტაბებით რეგიონსა და მთლიანად საქართველოზე პოზიტიურ სოციალურ-ეკონომიკური გავლენას იქონიებს და წარმოადგენს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს.

პროექტის უზრუნველსაყოფად საქრუსენერგოს დაკვეთით შპს ,,ალიგატორის“ მიერ მომზადდა განსახლების გეგმა და მიწების შეფასების აუდიტორული დასკვნა. ამასთან, პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა ,,ქართული ჭიდაობის აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის (ს/ნ 234210902) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჟბადინში მდებარე 2 უძრავი ქონება სრულად, 502 კვ.მ და 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ს.კ N83.07.19.040 და ს.კ N83.07.19.041. ადმინისტრაციული წარმოების მასალით ორკვევა, რომ პროექტისათვის საჭირო უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვა საქრუსენერგომ ვერ განახორციელა და შუამდგომლობით მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს გეს ,,საქრუსენერგოს" შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უნდა განხორციელდეს 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ,,მარნეული აირუმის“ მშენებლოს პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჟბადინში მდებარე 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს.კ №83.07.19.040 მესაკუთრეა ,,ქართული ჭიდაობის აღორძინების და განვითარების საერთაშორისო ფონდი" (ს/ნ 234210902);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჟბადინში მდებარე 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს.კ №83.07.19.041 მესაკუთრეა ,,ქართული ჭიდაობის აღორძინების და განვითარების საერთაშორისო ფონდი" (ს/ნ 234210902);

დადგენილია, რომ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჟბადინში მდებარე ,,ქართული ჭიდაობის აღორძინების და განვითარების საერთაშორისო ფონდის" (ს/ნ 234210902) საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება სრულად - ს.კ N83.07.19.040 და ს.კ №83.07.19.041.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან, სააგენტოს მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის № 1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2024 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: 

1. 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მარნეული აირუმის“ მშენებლოს პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს გეს „საქრუსნერგოს“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ „ქართული ჭიდაობის აღორძინების და განვითარების საერთაშორისო ფონდის“ (ს/ნ 234210902) საკუთრებაში არსებულ: მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჟბადინში მდებარე 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (ს.კ N83.07.19.040) და მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჟბადინში მდებარე 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (ს.კ №83.07.19.041).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

მინისტრი ლევან დავითაშვილი