პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

უკან დაბრუნება
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5778-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.019783
 

საქართველოს კანონი

 

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 მუხლი:

„მუხლი 521. იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს

იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს და მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში:

ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდის ან „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში ან ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით;

ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ შენობა-ნაგებობა მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს, თუ მას დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარე შემომზღუდავი კონსტრუქცია.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას შენობა-ნაგებობის მდგომარეობის გათვალისწინებით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (შენობა-ნაგებობის დამცავი ბადით შეფუთვა სამართალდარღვევის გამოსწორებად არ ჩაითვლება). ამ მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ სამართალდარღვევა განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდა, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ამ კოდექსით დადგენილი წესით დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცეს მითითება მისი დემონტაჟის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ შენობა-ნაგებობის შეკეთება (რემონტი), რეკონსტრუქცია ან აღდგენა შეუძლებელია.

4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და საცხოვრებლად გამოყენებულ შენობა-ნაგებობაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მარტი 2020 წ.

N5778-IIს